ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი აშენდება

1285

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის ასაშენებლად ყოფილი “ლითოფონის ქარხნის” ტერიტორია შეირჩა.
აუზის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განუცხადა.

“ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მოსაწყობად რამდენიმე ადგილი განვიხილეთ, ბოლოს შეირჩა ლითოფონის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც მერიის ბალანსზე იყო. ტერიტორიის ნაწილი, რომელიც სხვა კომპანიას ეკუთვნოდა, გადავცვალეთ. ამის შემდეგ ვაპირებდით დაპროექტებას, მაგრამ მუნიციპალური განვითარების ფონდში გვითხრეს, რომ ჯობდა, მათ დაეპროექტებინათ, ამიტომ მივწერეთ ოფიციალური წერილი, რომ საცურაო აუზის მშენებლობა გვინდა და აი, ეს პროცესები მიმდინარეობს ახლა. სიტყვიერი პასუხით ვიცით, რომ აუზის ასაშენებლად სახსრები არსებობს”,-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი არ არსებობდა. ერთადერთი აუზი „ლაგუნა“, რომელიც პროფესიულ სტანდარტებს პასუხობს, კერძო საკუთრებაა.

წყარო: ინტერპრესნიუსი