გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში 12 მაისს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის მიმდინარეობისას ბეჟაშვილმა პროკურატურას თანამდებობებზე მყოფი “ქართული ოცნების“ წევრების მიმართ, თანადებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით, გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების“ მმართველ კლანს მიტაცებული აქვს ძალაუფლება მუნიციპალტეტში და რამდენიმე ადამიანის სამსახურშია ჩამდგარი მთელი საჯარო სამსახური ზუგდიდის მერიაში. ბეჟაშვილის განცხადებით, კონკრეტულ სქემაში ჩართულები არიან დეპუტატები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქვარაია. ასევე, ლაშა გვასალია, მაიზერ ნანავა და სხვა თანამდებობის პირები. მისივე თქმით, მათი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები და მეზობლები დასაქმებულები არიან მუნიციპალიტეტში.
“დღევანდელი საჯარო განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია საპროცესო კანონმდებლობით დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება ამ პირების მიმართ. გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენ მზად ვართ, პროკურატურას მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომელიც ხელთ გვაქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ასევე, მისივე თქმით, ზუგდიდის ბიუჯეტის, დაახლოებით, 80 % ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამინების ხელფასებზე იხარჯება , რადგან ა(ა)იპ-ები “ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების ნათესავების და მეგობრების დასაქმების ბაზას წარმოადგენს.