2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა. 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები.
ამ თემასთან დაკავშირებით, 15 მაისს 15:00 საათზე, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართება გამოფენა და დოკუმენტური ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება. ჩატარდება, ასევე, ისტორიკოსების – ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები.
დოკუმენტური ფილმში XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ უნიკალური ისტორიებია გადმოცემული. ის დაეფუძნა “სათემო განვითარების ცენტრის” კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია და თვითორგანიზების გამოცდილება. ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი გაუძღვება.
რაც შეეხება გამოფენას, მასზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული. მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები. გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – “ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ” და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი – “ერობა”.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა – დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, ხოლო რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.
ანალოგიური გამოფენა უკვე გაიმართა თელავში, ხოლო 13 მაისს, ასევე, გაიმართება ოზურგეთში. ორგანიზატორები აღნიშნულ გამოფენას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამართავენ.
საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები პირველი რესპუბლიკის პერიოდში სამ ეტაპად – 1918, 1919 და 1920 წლებში ჩატარდა. იმ პერიოდში თვითმმართველობების წარმატებულ საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი მრეწველობის განვითარება, სკოლებისა და ამბულატორიების ქსელების მოწყობა და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 100 წლის წინ დაიწყო ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ადგილზევე, მოქალაქეების მიერ გადაწყვეტის პროცესი.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.