ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ – თელავში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება

1679

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს რეგიონებში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას გამართავს.

პირველი გამოფენა და კინოჩვენება 18-19 აპრილს თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაგეგმილი. ორგანიზატორთა ინფორმაციით, გამოფენა 18 აპრილს, 15:30 საათზე გაიხსნება. აქვე გაიმართება ისტორიკოსების – დავით ლოსაბერიძის და ირაკლი ხვადაგიანის ლექცია.

19 აპრილს, 14:00 საათზე კი ამავე სივრცეში ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება გაიმართება. ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი გაუძღვება.

ფილმში XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ უნიკალური ისტორიებია გადმოცემული. ის დაეფუძნა “სათემო განვითარების ცენტრის” კვლევას, რომელმაც, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, გააანალიზა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში სათემო, საზოგადოებრივი ინიციატივების ისტორია და თვითორგანიზების გამოცდილება. კვლევის პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი “თბილისი” და კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი.

თელავის ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-21 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო ამონარიდები, ფოტოები და სხვა.

ისტორიკოსების – დავით ლოსაბერიძისა და ირაკლი ხვადაგიანის ლექციების პარალელურად, გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – “ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ” და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი – “ერობა”.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ მასალებზე ისტორიკოსებმა – დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით (პროგრამა „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“).

გამოფენას, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორი კი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე