“ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებს ანაკლიაში საკუთარი პროგრამა გააცნო

799

მისი თქმით, ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, იდეების გენერირება მოახდინონ.

“ზუგდიდში აშენდება ახალგაზრდული სივრცე, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა იდეების გენერირება მოახდინონ. ახალგაზრდებს ამ სივრცეში ტექნოლოგიების, კულტურის, სპორტის მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიყოფა თანხა, რომლითაც ახალგაზრდების მიერ წარდგენილი საუკეთესო პროექტები დაფინანსდება. ასევე, გაიზრდება ნიჭიერი ახალგაზრდების დაფინანსება. პროგრამა, როგორც წარჩინებული სტუდენტებისთვის მერის სტიპენდიის გაცემას, ასევე, მათ საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასაც შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ ზუგდიდიდან, ან საქართველოდან გასვლა მიზნის მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ეს უზარმაზარი რესურსი დავუკარგოთ ჩვენს მომავალს. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება რომ საზღვარგარეთ წავიდნენ ან ტურისტად ან სასწავლებლად და იქ მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.

ზუგდიდი არ იქნება ტურისტების გამტარი მუნიციპალიტეტი. არამედ აქ შეიქმნება ტურისტული ინფრასტრუქტურა და მარშუტები, რაც ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს მეტი დრო დაჰყონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად აშენდება.

“ანაკლიის პორტის მშენებლობა არის მნიშვნელოვანი არამარტო ჩვენთვის, ზუგდიდისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ქვეყნისთვის. იმაზე საუბრები, რომ პორტი არ აშენდება, მტკნარი სიცრუეა: ანაკლიის პორტი აშენდება და ამის გარანტი არის სახელმწიფო. ანაკლიის პორტი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გარანტი. ეს მოგვიტანს ბევრ ეკომომიკურ ბენეფიტებს, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და შემოვა ინვესტიციები”, – თქვა გიორგი შენგელიამ.