ბათუმში გარემოვაჭრეები ისევ წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას ითხოვენ და ამ მოთხოვნით აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ ავტოსადგურში თითქმის ორი თვეა გადასულები არიან და ამ ხნის განმავლობაში ვაჭრობა არ აქვთ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“ორი თვეა ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავედით, 50 ლარიც არ მივაჭრია. გზის ფული არ გვაქვს. დღეს ბაზარი დავკეტეთ და აქ დაბრუნდება ვცადეთ, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს. ვთხოვთ მთავრობას რომ რამე წყარო გამოგვინახოს, თავი ვირჩინოთ”, – ამბობს აქციის მონაწილე ლია შარაშიძე.
ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ამბობენ, რომ გარემოვაჭრეების დაბრუნებას არ დაუშვებენ. მერია გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
“ყოველდღიურად ვამოწმებთ, რა მდგომარეობაში არიან ახალ ტერიტორიაზე. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, გავუწიოთ პოპულარიზაცია, მალე დავდგამთ ნიშნულებს და ბანერებს ბაზრობის მიმართულებით”, – ამბობს მერიის სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ნოშრევან საგინაძე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე გარევაჭრობა აიკრძალა.