ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება (ვიდეო)

1399

22 აპრილიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება. პროექტის – “დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პრეზენტაცია ახალციხეში გუშინ გაიმართა.

როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტში ჩართვის მსურველებმა სამი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინონ, კერძოდ, იდეა უნდა ეხებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, უნდა შედიოდეს მერიის კომპეტენციაში და მისი განხორციელება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს საპროექტო იდეების წარდგენა და მათთვის ხმის მიცემა ელექტორნულად შეუძლიათ.

“მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაინტერესებულ პირს იდეის გამოგზავნა სისტემა “ვოლისზე” 22 აპრილიდან პირეველ ივლისამდე შეეძლებათ. რვა ივლისამდე სამი კრიტეტიუმის მიხედვით გადაარჩევენ, შემდეგ კი ხმის მიცემა დაიწყება. ხმის მიცემა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. გამარჯვებული იდეის ავტორი 15 ოქტომბერს გამოვლინდება და მისი დაფინანსება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული” – ამბობენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტში მეორე წელია ხორციელდება და მოქალაქეებს ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში უშუალო მონაწილეობის, მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული საკითხების წარმოჩენისა და განხორციელების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

სისტემა “ვოლისი” USAID GGI-ის, IDFI-სა და ესტონეთის “ელექტრონული მმართვლობის აკადემიის” მხარდაჭერით ამოქმედდა.