აბასთუმანში, იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულუზით დაავადებულებს მკურნალობდნენ, დემონტაჟი უტარდება. შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია, ტერიტორიას კი სასტუმროს ასაშენებლად ამზადებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“ჯერ პროექტი ჩვენ არ გვაქვს, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორი იქნება შენობა, მაგრამ თანამედროვე და გრანდიოზული სასტუმრო რომ იქნება, ეს ვიცით“, – ამბობენ ადიგენის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია 15 თებერვლას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა ოფშორში რეგისტრირებულმა კომპანიამ შპს “სანაპიროს ხედმა“ 348 500 ლარად შეიძინა.
ამასთან, აბასთუმანში ტუბსაავადმყოფო პაციენტებისთვის სამკურნალოდ მარტში, მანამდე დაიკეტა, ვიდრე ახალ სარეაბილიტაციო ცენტრს გახსნიდნენ. საავადმყოფოში მკურნალი 25 პაციენტიდან 18 სახლში გაუშვეს, ექვსი კი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, ერთი კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
ამ დროისათვის, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ახალ ცენტრში ეზოს მოწყობა მიმდინარეობს და მალე შენობაში ახალ ინვენტარსაც შეიტანენ. სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობას, სავარაუდოდ, მაისის ბოლოდან დაიწყებს.