აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნამ სექტემბრამდე გადაიწია

1038

წინა სტატია

კურორტ აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი სექტემბერში გაიხსნება. ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე იურიდიული მისამართის შეცვლის პროცედურები მიმდინარეობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აბასთუმნის ფილტვით დაავადებულთა ცენტრს ამ დრომდე არცერთი პაციენტი მიუღია. როგორც, მისი დირექტორი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, ვიდრე იურიდიულ პროცედურები არ მოგვარდება, სარეაბილიტაციო ცენტრი არც გაიხსნება და ვერ პაციენტს მიიღებს.

„შენობის ექსპლუატაციაში შეყვანამდე, იგი „ქართუ ფონდმა“, ცენტრი უნდა გადასცეს სახელმწიფოს, სახელმწიფო კიდევ ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს, რომლის დაქვემდებარებაშიც ვიქნებით ჩვენ“,–ამბობს ცენტრის დირექტორი რევაზ ჟღენტი.

რევაზ ჟღენტის თქმით, იურიდიული რეგისტრაციის შემდეგ ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრს სახელი შეეცვლება და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრად“ გადაკეთდება.

დირექტორი განმარტავს, რომ ამ დროისათვის შენობაში ყველა სამშენებლო სამუსაო დასრულებულია, ინვენტარი შეტანილია და სამედიცინო პერსონალიც დაკომპლექტებული. ამიტომ სექტემბრის დასაწყისში უკვე ოფიციალურად გაიხსნება.

აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდებულიყო. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.

კურორტიდან მოშორებით ტუბსაავადმოფოს გადატანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ დასასვენებლად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა.

უყვე ყოფილი ტუბსაავადმყოფო კი მარტის ბოლოს დაიკეტა. პაციენტების ნაწილი თბილისში, ნაწილი კი ამბულატორიულად გაწერეს.

აბასთუმნის ტუბსაავადმყოფო, სანატორიუმ „ზეკარის“ შენობაში 12 წელი ფუნქციონირებდა. „ზეკარი“ კი 1924 წელს აშენდა. კურორტის გაშენების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.