აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 25 პაციენტიდან ორი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სახლში გაუშვეს. კურორტზე ტუბსაავადმყოფო დაკეტეს, თუმცა ჯერ ახალს ფუნქციონირება არ დაუწყია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
იმ ორი პაციენტეიდან რომლებიც სახლში, ამბულატორიულ მკურნალობაზე ვერ გაუშვეს, ერთი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ტუბსაავადმყოფოს დრიექტორი რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მისი გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში გადაწყვიტეს. ისინი კი ვინც სახლში გაუშვეს, სამკურნალოდ მედიკამენტებს ისევ მიიღებენ.
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრის სამშენებლო სამუშაოები უკვე სრულდება, თუმცა, ჯერ მის გახსნამდე სამედიცინო დანადგარებია ჩამოსატანი.
აბასთუმანში ფილტვით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი კურორტიდან სამი კილომეტრის მოშორებით შენდება. შენობას ერთ მხარეს კლდე, მეორე მხარეს კი ბუჩქნარი აკრავს. აქამდე აბასთუმანში მოქმედი ტუბსაავადმყოფო კი წიწვოვან ტყეში იყო. ამის გამო საავადმყოფოს კურორტიდან მოშორებით გადატანას პაციენტების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა.
აბასთუმანში, ფილტვით დაავადებულთა ცენტრის მშენებლობა ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. შენობა 100 საწოლზე იქნება გათვლილი და აქ ფილტვზე სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტები იმკურნალებენ.