ბორჯომის ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

1240

ბორჯომში ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონს მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საქართველოს საფეხბურთო ფედერაციის ერთობლივი ინიციატივითა და დაფინანსებით განხორციელდება.

სამუშაოების დაწყებამდე, კომპლექსის არსებული ინფრასტრუქტურა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

“ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ტრიბუნებისა და მისი შიდა სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა მსაჯების ოთახები, გასახდელები, სველი და ტექნიკური ოთახები, გარეგანათება, ასევე, გადაიხურება ტრიბუნები, ფედერაცია კი საფარს სრულად განაახლებს. შედეგად ჩვენ მივიღებთ, მაღალი სტანდარტების სტადიონს, სადაც ყველანაირი პირობა იქნება სპორტსმენების მომზადებისა და მაღალი ხარისხით, მატჩების ჩასატარებლად“- აღნიშნა ბორჯომის მერმა ლევან ლიპარტიამ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, ამჟამად სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად, საპროექტო დოკუმენტაციაზე მიმდინარეობს მუშაობა.