ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკვერების რეაბილიტაცია-მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სრულიად ახალი სკვერი ეწყობა რუსთაველის ქუჩაზე სელედუკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეაბილიტაცია უტარდება ასევე დაბა ახალდაბაში შინმოუსვლელთა სკვერს.
”უახლოეს მომავალში დაიწყება ბორჯომში თორის ქ. №6-თან და №116, 118, 120-თან მდებარე ტერიტორიის მოწყობაც. სოფელ ცემში რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სკვერს. აღნიშნული პროექტებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან 200 000-მდე ლარი გაიხარჯება“, – აღნიშნავს გამგებელი.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მარადიული ცეცხლის სკვერში მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება.
”პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.
ბაღებისა და სკვერების რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში”, – ნათქვამია მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის განცხადებაში.