ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხდომის ჩასაშლელად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანი ემზადებოდა. მისივე თქმით, “ნაცმოძრაობას“ ეს არ გამოუვიდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სულიკო თებიძე ამბობს, რომ ოპოზიციის წევრები სხდომებს ბოლომდე არასდროს ესწრებიან და მხოლოდ კამერების წინ პოზირებენ.
“ისინი კამერების წინ ხმაურობენ, მოსახლეობას აჩვენებენ, თითქოს მუშაობენ. ეს მათი ტაქტიკაა. ისინი დეზინფორმაციის გავრცელებით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. დღეს ძალიან მომზადებლები მოვიდნენ და გააკეთეს ის, რაც მოხდა,”- განაცხადა სულიკო თებიძემ.
ბათუმის საკრებულოში სხდომა, რომელზეც დღეს “ქართული ოცნების“ და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთმანეთს ფიზიკურად ორჯერ დაუპირისპირდნენ, ამ დროისთვის დასრულებულია. დაპირისპირების შედეგად დაშავებული “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ ბათუმის საკრებულოში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.