ხარაგაულის მერია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს

978

ხარაგაულის მერია  ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობას იწყებს, – ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ისაუბრეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ (M4EG) კლუბში ოფიციალურად გაწევრიანდა.

ამასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებს კლუბის გეგმებისა და ინიციატივების შესახებ ესაუბრა და თითოეულ მათგანს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანაბარი მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

“ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ (M4EG) მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (EaP), რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების წახალისება და მათი ტექნიკური უნარების გაუმჯობესება, რათა ეფექტურად განახორციელონ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა.

ამასთან, პროექტის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებასა და დასაქმებას”, – განმარტავენ მერიაში.

მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ჯაბა ბერაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, რომლის მიზანიცაა გავიგოთ რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალიტეტის წინაშე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხრივ.