ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები შეიქმნა.
როგორც ახმეტის მერიაში აცხადებენ, ჯგუფების შექმნის მთავრი მიზანი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის განხორციელებისას ახალგაზრდების აზრის მაქსიმალური გათვალისწინებაა. მათივე ინფორმაციით, ახალგაზრდულ ჯგუფს ექნება მაკოორდინირებელი როლი ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოვლენილი პრობლემური საკითხების და ახალგაზრდული ინიციატივების თავმოყრის კუთხით.
“თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების წევრებმა თავისი შემადგენლობიდან აირჩიეს ჯგუფის ლიდერი, რომელიც გაერთიანდება მუნიციპალურ 15 კაციან სამუშაო ძირითად ჯგუფში.
ახმეტის მერიის ახალგაზრდულ კლუბში საინიციატივო ჯგუფებს მერის პირველი მოადგილე ზაზა მიგრიაული და კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ოლია ხოხობაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ ახალგაზრდებისა და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა თვეში ორჯერ გაიმართება, სადაც შეფასდება განხორციელებული ღონისძიებები და დაიგეგმება თვის განსახორციელებელი აქტივობები”, – განმარტავენ მერიაში.