რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ბეტონის ბორდიურები და ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყობა.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 167 775 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ორ თვეში დასრულდება.
“ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა”, – განმარტავენ მერიაში.
ქუჩების რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “გზატკეცილი+’’ აწარმოებს.