რუსთავში ე.წ ჩიკაგოს სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

2302

რუსთავში ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ  ე.წ. “ჩიკაგოს” სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ამფითეატრი, დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ბილიკები, სარწყავი სისტემა, მინისპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება გარეგანათება, დეკორატიული ურნები და სკამები.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “არბა’’ აწარმოებს, 973 564 ლარს შეადგენს. სკვერის კეთილმოწყობა ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 

“ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერის კეთილმოწყობა, რუსთავის მერიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი ინიციატივით დაიწყო. პროექტის შემუშავებამდე, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკვერის რეაბილიტაციის გეგმა ახლომდებარე კორპუსების მცხოვრებლებს გააცნეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს”, – აცხადებენ მერიაში.