საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა რომ, EBRD მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და ინვესტიციებისა და ფინანსური დახმარებების მოცულობის ზრდას გეგმავს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, EBRD-ის წარმომადგენლებმა გამოხატეს დაინტერესება და მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთონ საგზაო, წყლის, ნარჩენების მართვის სექტორში და კერძო-საჯარო პარტნიორობის ხელშემწყობ რეგიონულ პროექტებში.
“შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. EBRD ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს აფინანსებს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.