ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანდა, რის გამოც დაწესებულებას გათბობის პრობლემა შეექმნა. როგორც გამოცემა “ლაივპრესს“ რამდენიმე მშობელმა განუცხადა, 10 დღეზე მეტია საკლასო ოთახები არ თბება.
სკოლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ მოაგვარეს და მის სრულად მოსაგვარებლად მუშაობენ. სკოლის დირექტორის ნინო ბულიას თქმით, უკვე ორი დღეა საკლასო ოთახები თბება კონდინციონერებით, მანამდე კი დროებით ელექტროღუმელები ჰქონდათ განთავსებული. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ დერეფნების გათბობა ვერ ხერხდება.
როგორც დირექტორი განმარტავს, მარტის ბოლოს ელექტროენერგიის საერთო გამორთვამ ცენტრალური გათბობის სისტემის საცირკულაციო ტუმბოების გაფუჭება გამოიწვია. ნინო ბულიას ცნობით, ფაქტის შესახებ მათ დაუყოვნებლივ შეატყობინეს შესაბამის სამსახურებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკის გაფუჭება ელექტროენერგიის უეცარი გათიშვის მიზეზით მოხდა, ენერგოკომპანიისგან სკოლამ დაპირება მიიღო, რომ ახალ საცირკულაციო ტუმბოებს, რომლის ღირებულებაც 7 600 ლარია, თავად შეიძენს.
სკოლა წერილით მიმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც.