სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხში 61 პროექტი განხორციელდება

798

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 პროექტი განხორციელდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, მინი საფეხბურთო მოედნების, ხიდებისა და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლის განხორციელებისთვისაც ლაგოდეხში 930 000 ლარი დაიხარჯება.

“მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 61 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოსახლეობის ჩართულობის ზრდას გადაწყვეტილებების მიღებაში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის 67 კრება ჩატარდა”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიამ.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. ორწლიანი შეჩერების შემდეგ კი მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აღადგინა და ახლა მისი ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია.