გაიოზ ვასაძე: დიდ დიღომში ათამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება

828

დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის, დაგეგმილია ათამდე დასასვენებელი სივრცის მოწყობა, – ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დიდ დიღომში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც საბურთალოს გამგეობაში განმარტავენ, დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონში N29 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშეოების ფარგლებში, საბავშვო მოედანი, სხვადასხვა ატრაქციონი, განათების სისტემა და სკამები მოეწყობა. ასევე, სკვერი აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, გამწვანდება სხვადასხვა სახის ხე-მცენარით და შემოიღობება ლითონის ღობით.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს “ტაო“ ახორციელებს, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 41 604 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, კორპუსის მიმდებარე 3 900 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი და ბორდიური მოეწყობა. საგზაო სამუშაოებს შპს “სკინჩი“ ასრულებს.