ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. კერძოდ, როგორც გამგეობაში აცხადებენ, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში კი სადარბაზოს რემონტი დასრულდა, ხოლო კეკელიძის N25-ში ლიფტს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
“საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, განახლდა 16 ლიფტი, რვა სადარბაზო გარემონტდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, ასევე, განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე და განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია”, – განმარტავენ ვაკის რაიონის გამგეობაში.
“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას თავადვე მოახმარს.