ზუგდიდის მერთან ლაშა გოგიასთან და ვიცემერთან გია გულორდავასთან ერთად დაკავებულ ორ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა და დარბაზიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქლაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ მიიღო.
თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, 10 000-ლარიანი გირაოს, ხუტა ბაღათურია, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ბექა ეჟიშვილმა განუცხადა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა პირებმა აღიარებითი ჩვენება მისცეს. რაც შეეხება, ზუგდიდის მერსა და ვიცემერს ისინი ამ ეტაპამდე ბრალს არ აღიარებენ.
“სასამართლო პროცესზე დაიკითხა ორი ბრალდებული, თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია. თენგიზ ქობალიას წარდგენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა, ხუტა ბაღათურიას გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება. ორივე ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალდება, დაადასტურეს ის გარემოებები, რაც ბრალში გვქონდა მითითებული. ჩვენ დავეთანხმეთ ამ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას. მათ მტკიცებულებები სადაოდ აღარ გახადეს, თუმცა, დანარჩენი ორი ბრალდებული ამ ეტაპისთვის არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას”, – განაცხადა ეჟიშვილმა.
ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო მათი აღიარებითი ჩვენება. თუმცა, მათი უფლებაა მისცენ გულწრფელი აღიარება, ჩვენება, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული
ზუგდიდის ყოფილი ვიცემერის გია გულორდავას ადვოკატის ზაქრო გვიშიანის თქმით, ზუგდიდის მერთან და ვიცემერთან ერთად დაკავებული ორი პირის აღიარებითი ჩვენება და მათი გათავისუფლება მოულოდნელი იყო.
“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენება მისცეს ბრალდებულებმა- ხუტა ბაღათურიამ და თენგიზ ქობალიამ. მათ სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალი. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა დაეყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა და ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გია გულორდავას და ლაშა გოგიას, ისინი ისევ არ სცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა და შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა”, – განაცხადა გვიშიანმა.
ადვოკატის თქმით, სახელმწიფო ბრალდებასთან საპროცესო შეთანხმებას ამ ეტაპამდე ვერ მიაღწიეს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დამატებით გავივლი კონსულტაციებს. შესაბამისად, უფრო მეტად განვუმარტავ მას ამ პროცესის შემდეგ აღიაროს თუ არაწარდგენილი ბრალი. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის”, – აცხადებს გვიშიანი
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს ლაშა გოგიასა და ვიცემერს გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.