ქუთაისში სავაჭრო ცენტრის “ოაზისი” თანამშრომლები აქციას მართავენ. მოვაჭრეები ახალ რეგულაციებს და სალარო აპარატების შეძენის მოთხოვნას აპროტესტებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ყველა გადასახადს იხდიან და სალარო აპარატის შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.
“ისედაც ცუდი მუშაობაა, არავინ დადის ბაზარში და კიდევ ახალი რეგულაცია მძიმე ტვირთია ჩვენთვის. ვიხდით ყველა გადასახადს და სალარო აპარატს ვერ შევიძენთ. მიგვიწევს მუშაობის შეწყვეტა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ეს გადაწყვეტილება, თორემ უფრო დიდ აქციას მიიღებენ”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მოვაჭრეებს სოლოდარობას პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია უცხადებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დანაშაულია ხალხის წინაშე.
“ეს ხელისუფლება არის აგონიაში, არ იციან, რა გააკეთონ. როგორ ამბობენ, რომ არჩევნები მოიგეს, როდესაც ტაქსის მძღოლები აქციებს მართავენ, მოვაჭრეები აქციას მართავენ და ყველას პროტესტი აქვს, ამის ფონზე ხელისუფლება ახლა რეგულაციებს უწესებს ხალხს, რომელსაც თავი ძლივს გააქვს. გონს მოეგონ, თორემ უარესს მიიღებენ, ვიდრე წინა ხელისუფლება”,- განაცხადა გოგი წულაიამ.