თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია. მოვაჭრეები დედაქალაქის მერიას 48 საათს აძლევენ იმისათვის, რომ გარევაჭრობა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გზის გადაკეტვას აანონსებენ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარევაჭრობის გამო, თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია უჭირთ.
მათივე თქმით, ტერიტორიაზე სავაჭრო გარემო არაკონკურენტულია, არის სიმჭიდროვე და ანტისანიტარია. ისინი გარემოვაჭრეებს ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.
“ბაზრობა არის გაჩერებული, ვერ მუშაობენ ადამიანები, რადგან ქვემოთ გარე ვაჭრობამ არ მისცა ამის შესაძლებლობა, რომ აემუშავებინათ ეს ადგილები. მათაც აქვთ იგივე პროდუქცია, გადასახადებსაც არ იხდიან, ასევე არის მძიმე ანტისანიტარია, იქმნება გადაადგილების პრობლემა, ვინაიდან დისკომფორტი ექმნება მოქალაქეებს ბაზრობაზე შემოსვლის, და ბაზარიც ნაკლებად ეფექტიანი ხდება, რეალიზაციაც ნაკლებია, შესაბამისად, იჯარის თანხებსაც ვერ იხდის. ჩვენ ვაძლევთ თბილისის მერიას 48 საათს, რომ დაიწყონ მოქმედებები და ყველა პრევენციული ღონისძიებები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადავტეკავთ ქუჩებს”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
რაც შეეხება თავად გარემოვაჭრეების პოზიციას, ისინი აღნიშნავენ, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ, ამიტომ სხვა ალტერნატივა არ აქვთ.