იმის გამო, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში გადასასველელი ხიდის მშენებლობა ვერ სრულდება. მოსახლეობა შეთავაზებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და მათი ნაწილი მიწის დათმობაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენი-უდე-არლის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა უკვე სამი თვეა შეჩერებულია. ხიდი მთავარ საავტომობილო გზას სასოფლო–სამეურნეო ბაღების გავლით უნდა დაუკავშირდეს. პრობლემა, რომელმაც ხიდის მშენებლობა შეაფერხა, სწორედ ამ ბაღებში მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ დათვლილმა კომპენსაციებმა გამოიწვია. არლის მცხოვრებელები ამბობენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მათ მიწის სანაცვლოდ მინიმალური თანხა შესთავაზა.
ადგილობრივების თქმით, მათსა და საავტომობილ გზების დეპარტამენტს შორის, კომპენსაციებზე მოლაპარაკებები, დაახლოებით, 2018 წლის ივნისში დაიწყო და თანხა ფართობის სიდიდის მიხედვით და ნაკვეთზე არსებული ნარგავების შესაბამისად განისაზღვრა. მათი ინფორმაციით, ერთ კვადრატულ მეტრში 3 ლარსა და 30 თეთრს, ხოლო ჭანჭურის ხის მოჭრის სანაცვლოდ 55, დიდი ასაკის ხეების შემთხვევაში 72, ხოლო თუ ხის ასაკი 12 წლამდეა 298 ლარს სთავაზობენ.
ადიგენი-უდე-არლის საავტომობილო გზაზე, მდინარე ოცხეზე ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. ხიდის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამავე თვიდან სამუშაოები შეჩერებულია.
დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ ადგილობრივებთან კომპენსაციების პრობლემა წარმოიშვა და მათთან შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის. მათი თქმით, როცა ადგილობრივებთან კომპენსაციის საკითხზე შეთანხმება ვერ დგება, საქმეში სასამართლო ერთვება:
“თუ ადგილობრივებთან შეთანხმება ვერ მოხდა, ვიდავებთ სასამართლოში, მაგრამ ამან შეიძლება დიდი ხნით შეაფერხოს პროექტი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ადიგენი-უდე-არლის ხიდის მშენებლობისათვის საგზაო დეპარტამენტმა ტენდერი 2018 წლის მარტში გამოაცხადა. სამუშაოები მაისში დაიწყო. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ჯორჯიან ბრიჯ ქონთრაქშენმა” განახორციელა. სამუშაოებისათვის 1 737 131 ლარია გათვალისწინებული.