ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, სულ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 36 მილიონ ლარზე მეტია გამოყოყილი. ამასთან, მათივე ცნობით, ქალაქის 10 ცენტრალურ ქუჩას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარებისა და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სოფლებს, აქ 16 გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამასთან სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა.
გზების რეაბილიტაცია განხორციელდება შემდეგ სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერში, რუხში (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა), ჭკადუაშში, გრიგოლიშში, ჭითაწყარში, ბაღმარანში, აბასთუმანში, ნარაზენში (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უბნის გზა), ოქტომბერში (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე), ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელი გზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა).