კობახიძე: “ქართული ოცნების“ ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება მუნიციპალიტეტის განვითარებას

995

წინა სტატია

“ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, “ქართული ოცნების“ მიერ მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი – როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, მათ უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, ისინი საუკეთესოდ გაუძღვებიან საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა კარგად იცნობს. მას წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.

“ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” მერის ვადამდელი არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები წარადგინა. როგორც ცნობილია, მერების რიგგარეშე არჩევნები 5 საარჩევნო ოლქში 19 მაისს გაიმართება. მოსახლეობამ ხულოს, ზუგდიდის, ჭიათურის, ზესტაფონისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები ხელახლა უნდა აირჩიოს.