საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში – მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი ეწყობა, რაც ადგილზე მისულ სტუმარს დამატებითი თავგადასავლის მოწყობის საშუალებას მისცემს.
“ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები. 2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის – 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა”, – განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.
შეგახსენებთ, რომ ექსტრემალური ატრაქციონი მარტვილის კანიონთან ერთად ოკაცეს ჩანჩქერის ტერიტორიაზეც მოეწყობა. ახლადრეაბილიტირებული ოკაცეს კანიონი დამთვალიერებლისთვის 19 მარტს გაიხსნა.