მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანაზე ზუგდიდის მერიამ 29 965 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გასაწევი მომსახურება გულისხმობს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე და უპატრონო ცხოველთა იზოლირებას ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით – ლასოთი/ბადით და ცხოველთა თავშესაფარში გადაყვანას სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით და განთავსებას შენობაში, ან ვოლიერებში;
გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებაში იქნება თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ მათი დამუშავება ჭიებზე, ბაქტერიებზე, პარაზიტებზე; სტერილიზაცია/კასტრაცია, ანტირაბიული და კომპლექსური ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით); პროცედურის შესრულების შემდგეგ მათი ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ასევე, კომპანიას დაეკისრება უკურნებელი სენით დაავადებული ცხოველის, ან სიკვდილის წინა სტადიაში მყოფი დაავადებული ცხოველის ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანაც.
ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება ეტაპობრივად, 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს. მომსახურება უნდა გაწიოს არანაკლებ თვეში 2-ჯერ, მოთხოვნის შესაბამისად.
მიუსაფარი ცხოველების დაბინავების პრობლემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს უკვე წლებია აქვს. ძაღლებისთვის თავშესაფრის აშენება მოქალაქეებმა რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ ფინანსები ამისათვის არ არსებობს.
ამასთან, ცნობილია, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს და 2019 წელს ცხოველთა თავშესაფარი ყველა რეგიონში აშენდება.