ტყის გასაჯანსაღებლად ხეების სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

869

ბორჯომში პლატოს ტარიტორიაზე სანიტარული ჭრების მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი ადგილზე გაეცნო.

ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, სანიტარულ ჭრებს 2016 წლიდან 269 ჰა ფართობზე ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, სანიტარული ჭრის ჩატარების შემდეგ, ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლადაა შესამჩნევი. ასევე, სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ, ხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. 2017 წლიდან მიმდინარეობს ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა 27,7 ჰა ფართობზე.

ამასთან, სააგენტო სანიტარულ ჭრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს და მისი დანიშნულება დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღებაა. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

“სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰა ფართობზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები.მთელ ტერიტორიაზე განთავსდა ფერომონიანი მწერმჭერები, მუდმივად ტარდებოდა მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2019 წელსაც”, – განმარტავენ სააგენტოში.