ტყითსარგებლობის წესის მიხედვით, 2023 წლიდან სოფლის მოსახლეობა შეშას ტყეში ვეღარ მოჭრის და საშეშე მასალის ყიდვა ე.წ საქმიან ეზოებში მოუწევს.
აღნიშნული წესი მთავრობამ გასულ წელს მიიღო და წარმოდგენილი ცვლილებებით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები შეძლებენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და დასაწყობების ადგილებზე ე.წ საქმიან ეზოებში განათავსებენ.
“ეროვნული სატყეო სააგენტოს” იურიდიული სამსახურის უფროსის დავით დამენიას თქმით, 40-მდე “საქმიანი ეზო” უკვე შექმნილია და რამდენიმე ათეულის მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ იგეგმება. სატყეო სააგენტო მერქნული რესურსის, როგორც ადგილიდან გაყიდვას, ისე მის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.
“მოსახლეობა, რომელიც შედის და ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე ტყეში მერქანს მოიპოვებს, ნელ-ნელა ტყიდან გამოვლენ და ამ ფუნქციას ტყის მართვის ორგანი აიღებს. ეს საბოლოოდ უზრუნველყოფს, რომ ე.წ საქმიან ეზოებში გადმოვა მერქნული რესურსი და მოქალაქეებს შეეძლებათ არა თავიანთი ფიზიკური ძალით და ტყეში შესვლით და იქ ხე-ტყის მოპოვებით მიიღონ მერქნული რესურსი, არამედ ცივილიზებულად მივლენ “საქმიან ეზოებში” და მიიღებენ მოჭრილ, დახარისხებულ მერქნულ რესურს”, – განაცხადა დამენიამ