კახეთში 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორია აშენდება, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 25-მდე ამბულატორიას, – ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში პირველ ეტაპზე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება და გზების პრობლემაა მოსაწესრიგებელი.
“გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის პრევენციაზეც იმუშავებს, ამისათვის კი კახეთის მასშტაბით განხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მდინარეების კალაპოტის გაწმენდა, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. მიმდინარე წელს 10-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრი და ამდენივე ამბულატორია აშენდება. ასევე, 25-მდე ამბულატორიას ჩაუტარდება რეაბილიტაცია “, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებენ.
2019 წელს კახეთის რეგიონის მასშტაბით 350-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება, რისთვისაც 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.