უხარისხოდ და ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე. მოქალაქეები ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრას ითხოვენ. ახალგაზრდობის, ხიხანისა და ტაოს ქუჩებზე გზა მოუწესრიგებელია, სანიაღვრე არხები კი წყალს ვერ ატარებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ტაოს ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დასრულდა. თუმცა აქ მცხოვრებლები ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სამოშაოები უხარისხოდ შესრულდა. ახალი მილები წყალს ვერ ატარებს, შესაბამისად დასახლება წვიმიან ამინდში იტბორება. ამასთა, ტაოს ქუჩა მთლიანადაა გადათხრილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბოლოს ტერიტორიაზე ტექნიკა ერთი თვის წინ მუშაობდა.
ანალოგიური სიტუაციაა მიმდებარედ, ხიხანის ქუჩაზეც. ადგილობრივები სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ტერიტორია წვიმის დროს ისე იტბორება, რომ მიწებს სასოფლო სამეურნეო დანიშნულებისთვისაც ვერ იყენებენ.