საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხარისთვალა-ბოყვის მონაკვეთზე უკვე ერთი კვირაა, მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “NEW ROAD” არსებული გრუნტიანი გზის გაფართოების სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ხარისთვალას, შქმერის, უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიაზე და სოფელ ბოყვაში არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით გაივლის.
რაც შეეხება ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას, მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მამისონი” განახორციელებს. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც ცნობილია, საჩხერე-ონის გზის პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასრულება გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. როგორც droa.ge-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროში უთხრეს, ამ ვადებში დაუსახლებელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა, თუმცა, რამდენიმე ოჯახის განსახლებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში ვერ დასრულდა.
აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა, ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთსაც შპს “მამისონი” აშენებს.
საჩხერე-ონის გზის მშენებლობას ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH უწევს.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს. ახალი გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.
გზის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა, ვადამ 1 წლით გადაიწიოს.