საჩხერე-ონის ახალი გზის ქვემო ხევი-ბოყვის მონაკვეთების მშენებლობა გაზაფხულიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაცია droa.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, უკვე ცნობილია კომპანიები, რომლებიც ქვემო ხევი-უზუნთას და ხარისთვალა-შქმერის-უშოლთა-ბოყვის მონაკვეთების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებენ.
ქვემო ხევი-უზუნთას მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის ტენდერი შპს “მამისონმა” მოიგო. კომპანია აღნიშნულ 5-კილომეტრიან მონაკვეთზე გზისა და 3 ხიდის რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს. სამინისტროს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს სამობილიზაციო სამუშაოები.
რაც შეეხება კიდევ ერთ მონაკვეთს, აქ ტენდერში შპს “NEW ROAD”-მა გაიმარჯვა. პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 7.5 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა ხარისთვალას, შქმერისა, უშოლთას დაუსახლებელ ტერიტორიასა და სოფელ ბოყვაში, არსებული გრუნტიანი გზის მაქსიმალური გამოყენებით, გაივლის.
როგორც ცნობილია, საჩხერე-ონის გზის პირველი 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქცია 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოების დასრულება გასული წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი. როგორც droa.ge-ს სამინისტროში უთხრეს, ამ ვადებში დაუსახლებელ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა, თუმცა იქ, სადაც, პროექტით, რამდენიმე ოჯახის განსახლება იყო დაგეგმილი, სამუშაოები, ჯერჯერობით, არ დაწყებულა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 2018 წლის დეკემბერში ვერ დასრულდა.
აღნიშნული გზა სარეკი-ქვემო ხევის მონაკვეთს მოიცავს, სადაც ფართოვდება გზა და ეწყობა მილები და გაბიონები. გზის ამ მონაკვეთსაც შპს “მამისონი” აშენებს, ხოლო ზედამხედველობას საერთაშორისო კომპანია IGH ახორციელებს.
ზემო იმერეთი-რაჭის საავტომობილო გზა გაივლის დასახლებულ პუნქტებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, ხარისთვალს, შქმერს, უშოლთას, ბოყვას, კვაშხიეთს, ზუდალს და შეუერთდება ამბლორაული-ონის უკვე არსებულ საავტომობილო გზას. ახალი გზა ონიდან 5 კმ-ით, ხოლო ამბროლაურიდან 20 კმ-ით იქნება დაშორებული. უზუნთადან შქმერამდე გზა საუღელტეხილო (ზღვის დონიდან 1850 მეტრი) მონაკვეთს გაივლის.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, ხოლო მგზავრობის დროს თითქმის 2 საათით შეამცირებს.