ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც დეპუტატები კულტურის პალატისთვის ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის, დროებით უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ. ინფორმაციას აიპრესი ავრცელებს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტშის მერიასა და საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.
“სირცხვილია, ფალიაშვილის ქალაქში ოქიტაშვილი ავითარებდეს კულტურას,”-განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ და საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა.
შუშანიას განცხადებას სხდომაზე დამსწრე დავით ოქიტაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. ოქიტაშვილსა და შუშანიას შორის დაწყებული დაპირისპირების განმუხტვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში მყოფმა პირებმა სცადეს.
“საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა ქუთაისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი გაღიზიანება ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებებმა გამოიწვია.
“ბოდიშს ვიხდით, რაღაც ინციდენტი მოხდა, მაგრამ მე შემიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია, ორი დღის განმავლობაში გიგა შუშანია რა სიტყვებით მოგვიხსენიებდა. ჩვენს ოჯახებსაც შეეხო და ჩვენ ვართ თურმე თაღლითები. მე თუ ვარ თაღლითი, მე მომმართე და ოჯახებს ნუ ეხებიან“, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია სულხან–საბას ქუჩაზე, ყოფილი ქარხნის შენობას “საქართველოს კულტურის პალატას”, რომლის პრეზიდენტიც დავით ოქიტაშვილია, უსასყიდლოდ გადასცემს. შენობით, რომლის ფართიც 6 000 კვ.მ–ია კულტურის პალატა ორი წლის განმავლობაში ისარგებლებს. ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას უკვე დაეთანხმა იურიდიულ საკითხთა კომისია.
როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძემ განაცხადა, შენობით მისი მდებარეობის გამო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა. მისივე თქმით, ორი წლის შემდეგ თუ შენობას ინვესტორი გამოუჩნდება, კულტურის პალატა ვალდებულია შენობა გაათავისუფლოს.
თუმცა, როგორც გამოცემა “ქუთაისიპოსტი” წერს მერიას შენობა აუქციონზე გასაყიდად არც ერთხელ არ გაუტანია.
ცნობილია, რომ ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა. წელს კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი. რომელიც 8 მარტს გაიმართება.
ამასთან, როგორც ირკვევა, კონცერტის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა მომზადებული არ არის.
“კულტურის პალატის” თავმჯდომარე, დავით ოქიტაშვილი ამბობს, რომ შენობას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება.
“ახლაც მუშაობს ათკაციანი ჯგუფი იქ და შეიძლება სამ საათშიც იყოს ეს დასკვნა”, – ამბობს დავით ოქიტაშვილი.