“კარგია, რომ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ბევრ შეხვედრაზე გვისაუბრია, მაგრამ ნაბიჯები ჯერ ბოლომდე არ გადადგმულა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ დეცენტრალიზაციაზე, ვსვამ შეკითხვას – რა უფლებები გვაქვს მუნიციპალიტეტებს და რას ვაკეთებთ? თუ ვართ მერები და საკრებულოების წევრები, უნდა ვიყოთ თვითმმართველობა და არა – თავკომბალა სისტემის ნაწილი. ამიტომ უნდა შეიცვალოს მიდგომა. ვერაფერს ვერ ვახერხებთ”, – ამის შესახებ ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქონების დიდ ნაწილს სახელმწიფო ფლობს, რის გამოც მუნიციპალიტეტები შემოსავლებს კარგავენ.
“ქონების მართვის სააგენტოს რაში სჭირდება, მაგალითად, სოფელ მაჭახელში არსებული მიწა? კარგი იქნება,
თუ ამ კუთხით ვიმუშავებთ და მიწებს გადავცემთ მოქალაქეებს, საიდანაც მუნიციპალიტეტში შემოსავალი შევა.
ასევე, პრობლემაა ტყის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც არავითარი ფუნქცია არ გვაქვს. ეს საკითხიც უნდა დადგეს და დელეგირება უნდა მოხდეს. საერთოდ უძლურია მუნიციპალიტეტი”, – აცხადებს ვარშანიძე.
ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ბუნებრივ რესურსებზე წვდომის პრობლემასაც აყენებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით მიდგომაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
“მოდის გლეხი და ვეუბნებით, მიწა, ხრეში, გზა და ტყე მე არ მეხება, მხოლოდ მანქანით სიარული მეხება? არ ვიცით, გარემოს დაცვა რას აკეთებს და რა სამუშაოებს აწარმოებს, მუნიციალიტეტები საერთოდ არ ვართ ჩართული. მოუწერენ კომპანიას ხელს, ჩამოდის და ხელვაჩაურში ბალასტს იღებს. მაინტერესებს, უნდა იცოდეს
თუ არა მუნიციპალიტეტმა, რა ხდება მის ტერიტორიაზე და ვართ თუ არა თვითმმართველი ორგანო? მოსახლემ რომ ურმით ამოიღოს ხრეში, ათასლარიანი ჯარიმაა, ამ დროს კი მოდის ვიღაც ბიზნესმენი და იღებს კუბობით მასალას, მაგრამ სად მიაქვს, არც ვიცით. ღელედან, რომელიც ხელვაჩაურში ჩამოდის და უერთდება მდინარე მაჭახელას, ჩემი ტექნიკით ამოვიღებ ღორღს და ისევ იმ სოფელს მოვახმარ, მაგრამ კანონით, რაც დღეს არსებობს, არ შეიძლება. თანახმა ვართ, გვქონდეს ლიმიტი”, – ამბობს ის.
ვარშანიძის თქმით, ასევე, აუცილებელია განათლების მიმართულებით დეცენტრალიზაცია მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას არ შეეხოს.
“დავიწყეთ სკოლების მართვა და მათი რეაბილიტაცია. სკოლის მთავარი ფუნქცია განათლების მიცემაა. დეცენტრალიზაცია მხოლოდ ფასადური არ უნდა იყოს, იქ ვინ სწავლობს, ვინ ასწავლის, რა პროგრამებია – ამაში ინტენსიურად უნდა იყოს მუნიციპალიტეტი ჩართული”, – აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.
ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ დეცენტრალიზაციის პროცესი დროულად უნდა დაიწყოს და თვითმმართველობებს უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება უნდა გაეზარდოთ.
“თუ ფული და ქონება არ გვექნება, რა უნდა ვაკეთოთ? ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარდა, რომელზეც თანხას სამინისტრო გვირიცხავს, ვერაფერს ვაკეთებთ. ამიტომ მოხარული ვარ, რომ დაიწყო საუბარი დეცენტრალიზაციაზე და მივესალმები, მაგრამ ამას ხოცშესხმა სჭირდება”, – ამბობს ვარშანიძე.
როგორც ცნობილია, დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.