აუდიტის სამსახური: ქუთაისის მერიამ სამშენებლო კომპანიას უხარისხოდ შესრულებული სოციალური სახლის პროექტში 2 მილიონი ლარით მეტი გადაუხადა

1034

სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, მაშინ როდესაც ქუთაისის მერიამ 1 000 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ქუთაისის მერიამ 2 მილიონი ლარი კომპანიას ზედმეტად აუნაზღაურა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კონკურსი, რომელიც მერიამ სოციალური სახლის ასაშენებლად გამოაცხადა, მორგებული იყო კონკრეტული პირის ინტერესებს. ქუთაისში უსახლკაროთა დახმარების მიზნით, სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2016-2017 წლებში ბიუჯეტიდან 4.3 მილიონი ლარი გამოყო. სოციალური სახლის მშენებლობისთვის 2016 წლის 11 ივლისს გამოცხადდა კონკურსი. საკონკურსო პირობებით სოციალური საცხოვრისის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 1 თებერვლამდე. კონკურსში გაიმარჯვებდა ის კომპანია , რომელიც 18 დღეში შეადგენდა შესაბამის პროექტს და მიიღებდა მასზე მშენებლობის ნებართვას ან უკვე გააჩნდა სამშენებლო ნებართვა.

აუდიტის სამსახურმა საკონკურსო პირობების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შეუძლებელია, 18 დღეში კომპანიას მოეხერხებინა პროექტის შედგენა და მშენებლობის ნებართვის მიღება. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, არის რისკი, რომ კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და წინასწარ იყო განსაზღვრული ვინ უნდა გამხდარიყო გამარჯვებული.

ანგარიშის თანახმად, საბოლოოდ კონკურსში მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს “სანომ“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, თუმცა დისკვალიფიკაციის ნაცვლად კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდა. მან დროულად ვერ დაასრულა მშენებლობა, რის გამოც მერიამ ჯარიმის დაკისრების ნაცვლად, მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივა.

ანგარიშის მიხედვით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული სამშენებლო კომპანია ახალი დარეგისტრირებული იყო, ის ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებიდან 8 დღეში დარეგისტრირდა.

ანგარიშის მიხედვით, საბოლოოდ ქუთაისის მერიამ ისე ჩაიბარა სოციალური სახლი და შპს “სანოს“ 4,3 მლნ ლარი ისე აუნაზღაურა, რომ არ შეუმოწმებია სამუშაოს ხარისხი და თავდაპირველ პროექტთან შესაბამისობა.

სოციალური სახლის მშენებლობის დასრულებიდან, დაახლოებით, 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 24 იანვარს, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა შენობა. როგორც ირკვევა, სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული და შენობა, ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. ამსთან, შენობას არ აქვს აივნები, ფანჯრები დამონტაჟებულია ისეთ სიმაღლეზე, რომ მანძილი ფანჯრის სახელურიდან იატაკამდე, დაახლოებით, 2 მეტრია.

“მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი საცხოვრებელი პირობები,“-აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ქუთაისი მერიას რეკომენდაციას აძლევს შეისწავლოს სოციალური საცხოვრისის არასაბაზრო ფასად შესყიდვის ფაქტი. გამოავლინოს კონკურსის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.