ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა

1177

წინა სტატია

ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის განხილვას მოჰყვა. ოპოზიციის თქმით, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება და არ მთავრდება, ფული კი იფლანგება. ისინი აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს იზიარებენ და პასუხისმგებლობას საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას აკისრებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“აუდიტის დასკვნაში მცირე ნაწილია გადმოცემული, რაც ჩვენს ქალაქში ხდება. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც წლების წინ დაიწყო, თანხის გაფლანგვის გამო, გაჩერებულია. “ქართული ოცნება“, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი თავს იწონებენ იმით, რომ ყველა მშენებელ კომპანიას კონტრაქტი გაუწყვიტეს და სასამართლოშია საქმე, ეს არის მათი პასუხი. უნიათობასთან, ერთად კორუფცია მძვინვარებს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ირაკლი კაკულიამ უნდა აიღოს, რადგან იმ პერიოდში ქალაქის მერი იყო“, – განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წევრმა ,,ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია აუდიტის სამსახურის დასკვნას ეთანხმება. მისი თქმით, რეკომენდაციები გასათვალისწინებელია.

“აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს გასათვალისწინებელია. ვინც რეალურად აკეთებს საქმეს, მას ყოველთვის აქვს პატარა ხარვეზები, რაც ასახულია კიდეც დასკვნაში. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული ხარვეზები გამოასწოროს“, – აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.