ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა დაასრულდა. სოფლების უმრავლესობაში გზისა და წყლის სისტემების მოწყობა გადაწყდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენის მერია დღეს სოფლებში შერჩეულ პრიორიტეტებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.
17 იანვრიდან დღემდე, ადიგენისს მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შეხვედრები სულ 56 დასახლებულ პუნქტში გამართეს. აქ არ შედის დაბა ადიგენი, რადგან დაბაზე სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში თანხა გათვალისწინებული არ არის.
პროგრამით მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, წარმოდგენილი 16 კატეგორიიდან ადიგენის მოსახლეობან მხოლოდ ცხრა მათგანზე შეაჩერა ყურადღება. სოფლების ნაწილმა, გამოყოფილი თანხის ფარგლებში ორ–ორი პრიორიტეტიც შეარჩია.
შერჩეული პრიორიტეტები სოფლების რაოდენობის მიხედვით ასე გადანაწილდა: ცენტრალური და შიდა გზების მოხრეშვა–რეაბილიტაცია – 18 სოფელი; სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა–რეაბილიტაცია – 13 სოფელი; სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია – 12 სოფელი; სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ასევე ღობის მოწყობა – 7 სოფელი; გარეგანათების მოწყობა – 6 სოფელი; მთაში მისასვლელი გზების მოწყობა – 2 სოფელი; სკვერების რეაბილიტაცია – 2 სოფელი; სანიაღვრე არხების მოწყობა –2 სოფელი; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია, ასევე, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა – 2 სოფელი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის 648 000 ლარი დაიხარჯება, თუმცა ამ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან რამდენი ლარი დაემატება ჯერ უცნობია.