რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება

849

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობაზე, ასევე, არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციაზე მთავრობა 20 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს.

ბახტაძის თქმით, საქართველოს მასშტაბით წელს 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრის მშენებლობა დაიწყება.

“რეგიონული განვითარება ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს რეგიონების თანაბარი განვითარებისთვის. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების სერვისების მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც არასდროს გადავუხვევთ. დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას. ჩვენ 20 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ ამ საკითხისთვის. საქართველოს მასშტაბით წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, წელსვე აშენდება 100-ზე მეტი ახალი ამბულატორია და 40-მდე სასწრაფო დახმარების ახალი ცენტრი“, – განაცხადა ბახტაძემ.