ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო გაზის მიწოდება შეუწყდა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც “სოკარ ჯორჯია გაზის“ ადგილობრივი სერვისცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დარსანიამ განაცხადა, შემოწმების შედეგად ხუთ საბავშვო ბაღში ხარვეზები აღმოაჩინეს და მათ გამოსწორებამდე ბუნებრივი აირის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, გაზის მიწოდება მაშინ აღდგება, როცა ბაღები ხარვეზებს გამოსწორებენ.
“იმ ადგილებში სადაც დანადგარებია, არ არის გასანიავებელი სარკმელი, საუბარია სამზარეულოებზე. ბაღებს ჩვენთან თავადაც ჰქნოდათ წერილი, რომ შემოვლა გაგვეკეთებინა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა გეგმაში. ახლა ტარდება გადამოწმების არაგეგმიური სამუშაოები და ამ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ხარვეზები. მათ მიეცათ გონივრული ვადა, გამოსასწორებლად“, – განმარტა დარსანიამ.
ზუგდიდის მერიის “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში“ აცხადებენ, რომ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და დღის ბოლოსთვის დასრულდება. მათივე ინფორმაციით, საბავშვო ბაღებს სასწავლო პროცესი არ შეუწყვეტიათ და ბუნებრივი აირის გამათბობელები ელექტრო ღუმელებით ჩაანაცვლეს.
ამ დროისთვის გაზი არ მიეწოდება სოფელ ხურჩის, ახალსოფლის, ზუგდიდის მე-16-ე და მე-13 საბავშვო ბაღებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან 23-ს “სოკარ ჯორჯია გაზი“ ემსახურება.