დირექტორებმა ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სპორტული მოედნები, წყლისა და კანალიზაციის, ასევე დენის გაყვანილობები, დაზიანებულია ჭერი და საპირფარეშოები – ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რის შესახებაც სკოლების დირექტორებმა ახალციხის მერთან ისაუბრეს.
ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, 20 თებერვალს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს და ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებს შეხვდა. მიზანი, სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გაცნობა იყო. ასევე, მერი დაინტერესდა, თუ რომელ სკოლას რა რაოდენობის თანხის გამოყოფა შეუძლია წელს ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად.
შეხვედრაზე სკოლების გაზიფიცირების საკითხიც განიხილეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 39 სკოლიდან 24 შეშის ღუმელით თბება. დირექტორები ამბობენ, რომ სასწავლებლებში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა აუცილებელია, თუნდაც ის შეშაზე მუშაობდეს.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გაირკვა მინიმალური თანხა, რისი გამოყოფაც სკოლებს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად შეუძლიათ 3 000 ლარია. თუმცა, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ეს თანხა საკმარისი არ არის, რადგან სასწავლებლების უმრავლესობას შესაცვლელი აქვს სახურავი, ჭერი, შიდა კიბე, მოსაწყობი აქვს სპორტული დარბაზი, ან მოედანი და ეზო. ავარიულია, მაგალითად, ვალეს მესამე საჯარო სკოლა.
რა პრობლემების შესახებ ისაუბრეს ქალაქის სკოლების დირექტორებმა უცნობია, მაშინ როცა ახალციხის პირველი სკოლის დირექტორს ჟუჟუნა გოგოლაურს საუბარი უნდა დაეწყო, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს” მერმა ზაზა მელიქიძემ შეხვედრის დატოვება სთხოვა.
სკოლებში არსებული პობლემები ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოგვარდება. მელიქიძის თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ამ ეტაპზე ახალციხეში 760 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.