როგორ ვაქციოთ კულტურა ადგილობრივი განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტად?

2955

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

კულტურა ადგილობრივი განვითარებისათვის[1] – საერთაშორისო და საქართველოს გამოცდილება

ნაწილი 1. საერთაშორისო გამოცდილება

კულტურის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე („კულტურა ყველასთვის“) მსჯელობამ, მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1970-იან წლებში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა და მას კონკრეტული პროგრამების განხორციელებაც მოჰყვა.

გამოცდილება კულტურის პირდაპირი გავლენის შესახებ განვითარების სხვადასხვა (მათ შორის, მუნიციპალურ) პროცესებზე უფრო გვიანი პერიოდისთვის დაგროვდა, რასაც წინ მუნიციპალური განვითარების, ამ პროცესში კულტურის განსაკუთრებული როლის შესახებ წარმართული კვლევებისა და დებატების მნიშვნელოვანი ტალღა უსწრებდა უკვე 1990-იან წლებში.

ამ კუთხით ევროპაში არაერთი ერთობლივი საცდელი პროგრამა და კვლევა განხორციელდა. უშუალოდ გერმანიაში კი, საფუძველი ჩაეყარა და დღემდე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის მონაწილეობითი დაგეგმვა და შედეგად მუნიციპალურ, საქალაქო და ხშირად სასოფლო/სათემო დონეზეც კი, საკუთარი კულტურის სტრატეგიის, პოლიტიკის და ხედვის შემუშავება, სათანადო სამოქმედო გეგმით, რათა შემდეგ ნაბიჯად განვითარებული კულტურის სერვისები ადგილობრივი საჭიროებების ადეკვატური იყოს.

ადგილობრივ სპეციფიკაზე ორიენტირებული განვითრების გეგმების შემუშავების (მათ შორის, კულტურის სფეროში) ერთ-ერთ მთავარ მოტივად კი ის საზოგადოებრივი ცვლილებები იქცა, რომლებიც სწორედ იმხანად დაიწყო და დღემდე გრძელდება. ცივი ომის დასრულების, საბჭოთა კავშირის დაშლის, ევროკავშირის შექმნის შედეგად გაზრდილი სოციალური და შრომითი მობილობა ხშირად ამა თუ იმ ადგილზე არსებული ეთნიკური და კულტურული მოზაიკის ცვლილების საფუძველი ხდებოდა და შესაბამისად, მუშაობა ადგილობრივი განვითარების და მათ შორის, ადგილობრივი კულტურის პოლიტიკაზე ლამის უწყვეტ პროცესებად მიმდინარეობს:  შემუშავებულმა სტრატეგიებმა და ხედვებმა არსებული რეალობა და საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები ადეკვატურად უნდა აირეკლოს.

სწორედ 90-იან წლებში მიმდინარე დისკუსიის, განხორციელებული პროგრამების, კვლევების, მათი გვიანდელი შეფასებისა და განზოგადების საფუძელზე ჩნდება მყარი არგუმენტი იმისა, რომ კულტურის როლი ადგილობრივ განვითარებში იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ეს აქამდე იყო აღიარებული:

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებამ შეაგროვა არსებითი არგუმენტები განვითარების პროცესში კულტურის როლის მნიშვნელობის  შესახებ. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში განვითარების პოლიტიკა და პროექტები, რომლებიც არ ითვალისწინებენ კულტურულ ასპექტებს, წარუმატებელი აღმოჩნდა. კულტურა ეფექტურად უწყობს ხელს პოლიტიკას, სტრატეგიებსა და პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავენ სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, გარემოს მდგრადობას, ჰარმონიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას. კულტურა არის მდგრადი განვითარების წარმმართველი და ხელისშემწყობი ფაქტორი.“[2] 

უახლეს ლიტერატურაში კი კულტურის პოლიტიკა, განსაკუთრებით, რეგიონებში, საზოგადოებრივი და რეგიონული განვითარების პოლიტიკადაც მოიაზრება.[3]

დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია კულტურის მნიშვნელოვან როლზე ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური განვითარების პროცესებში და, ასევე, მის გავლენაზე, მაგალითად, სიღარიბის დაძლევასა თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 კულტურა „ხელს უწყობს ძირითადი კომპეტენციების შესწავლას და ძლიერი პიროვნებების ჩამოყალიბებას. შემოქმედებითი მიდგომების, დამოუკიდებლობის, ტოლერანტობის, რეფლექსიისა და გამოხატვის უნარების განვითარებას, ასევე, იმ სოციალური კომპეტენციების ფორმირებას, რაც ჩართულობასა და საზოგადოებრივ მონაწილეობას უკავშირდება.“ [4] 

კულტურის როლის წინ წამოწევისა და ადვოკატირების კუთხით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (იუნესკო, გაერო) საქმიანობის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია „ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაერთიანება“, რომელთან პარტნიორობაც საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვისაც, შეიძლება, საინტერესო და სასარგებლო ყოფილიყო.

  • Agenda for Cultura 21 – კულტურის პროგრამა 21

ორგანიზაცია „ქალაქებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  გაერთიანება“  (United Cities And Local Governments – UCLG) 2004 წელს დაარსდა. მისი მისიაა, იყოს დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდამჭერი მსოფლიო მასშტაბით და იგი წარმოაჩენს და იცავს თვითმმართველობების ფასეულობებს, ამოცანებსა და ინტერესებს. UCLG-ს აქვს  მუდმივმოქმედი კომიტეტები, მათ შორის, კულტურის. კომიტეტები ამზადებენ და ახორციელებენ პოლიტიკას აღმასრულებელი საბჭოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში; აღსანიშნავია UCLG-ის მიერ 2004 წელს შემუშავებული და დამტკიცებული დოკუმენტი „Culture Agenda XXI“ (21-ე საუკუნის კულტურის პროგრამა, შემდეგში „კულტურა 21“), რომელიც იყო ერთგვარი პირველი აღიარება კულტურის განსაკუთრებული როლისა  ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

დოკუმენტის მიხედვით, კულტურა:

  • ეხმარება ეკონომიკას, რამდენადაც ის არის შემოსავლისა და დასაქმების წყარო;
  • წარმოადგენს განვითარების პროცესების მამოძრავებელ ძალას: აქვს გავლენა მეწარმეობაზე, ახალ ტექნოლოგიებსა და ტურიზმზე; ეკონომიკას მატებს შემოქმედებით და ინოვაციურ მიდგომებს;
  • მჭიდრო კავშირშია სოციალურ სფეროსთან და წარმოადგენს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტს; ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების უნარებისა და შესაძლებლობების, ძირითადი კომპეტენციების განვითარებას, მდგრად განვითარებასა და ადამიანების თვითდამკვიდრების პროცესებს, მოქალაქეობრივ ჩართულობას და შესაბამისად, საზოგადოების გაძლიერებას;
  • დაკავშირებულია გარემოსდაცვით კომპონენტებთანაც, ვინაიდან კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება განუყოფლად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული; ხელს უწყობს საზოგადოების ცოდნის ამაღლებას ეკოლოგიური პასუხისმგებლობის შესახებ.

საქართველოს მუნიციპალიტეტებში კულტურის პროგრამების ხელმისაწვდომობისა  და მრავალფეროვნების მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. განვითარების პროცესებში კულტურის როლი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხშირად არასათანადოდ აქვთ შეფასებული და  შესაბამისად, ხშირია დამოკიდებულება, რომ უმუშევრობისა და სიღარიბის,  ინფრასტრუქტურული და სხვა მუნიციპალური პრობლემების ფონზე კულტურის პროგრამების განხორციელება პირველხარისხოვანი ვერ იქნება. საერთაშორისო მრავალწლიანი გამოცდილება კი, რომელიც, თავის მხრივ, საფუძვლიან კვლევებსა და ანალიზს ეყრდნობა, როგორც ზემოთ განვიხილეთ, სწორედ საპირისპიროს ადასტურებს. 

  1. კულტურის მუნიციპალური პოლიტიკა – საქართველოს გამოცდილება

რამდენადაც მუნიციპალური განვითარება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, დღეს მუნიციპალიტეტებში არსებული მრავალმხრივი პრობლემების მოგვარებაზე ორინეტირებული პროგრამებიც კომპლექსურად უნდა იგეგმებოდეს: სოციალური, ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და კულტურული პროგრამები ერთმანეთს უნდა ავსებდეს და ერთ საერთო მიზანს – ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს. ამ პროცესში კულტურა, შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც უშუალო მიზანი, ასევე, ინსტრუმენტი სხვა მიზნებისა და სასიკეთო ცვლილებების მიღწევისათვის. მის გავლენაზე განვითარების სხვადასხვა სფეროსთან მიმართებით ზემოთ იყო საუბარი.

კულტურის სფეროს ინტეგრირების საჭიროებას სხვადასხვა დარგის განვითარების პოლიტიკაში 2016 წელს მიღებული კულტურის სახელმწიფო სტრატეგიაც აღნიშნავს.

  • კულტურის სფეროს კომპეტენციები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მიხედვით, კულტურა მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებაა. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები უნდა ზრუნავდნენ  ადგილზე მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობაზე, მოქლაქეებისთვის საჭიროებაზე დაფუძნებული კულტურის სერვისების მოწოდებაზე და, ზოგადად, კულტურულ ცხოვრებაში მათ ჩართულობაზე. მე-16 მუხლი შემდეგ ამოცანებს ჩამოთვლის: ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება; ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-პატრონობა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ახალი ობიექტების მშენებლობა და სხვა. თავისი საქმიანობის განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია, შეიმუშავოს პროგრამები, სტრატეგიები, განახორციელოს პროექტები და ა.შ.

კულტურის სფეროს მარეგულირებელი მთელი რიგი დამატებითი საკანონმდებლო ნორმები სხვადასხვა სპეციალურ კანონებშია გაფანტული. ესენია: საქართველოს კანონი „პროფესიული თეატრების შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“, საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მუზეუმების შესახებ“. უფლებამოსილებათა გამიჯვნისას, მათ შორის, კულტურის სფეროშიც, გასათვალისწინებელია საკანონმდებლო იერარქია. იმ შემთხვევაში, თუ ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმები განსხვავებულად აწესრიგებენ ამა თუ იმ საკითხს და წინააღმდეგობაში მოდის თვითმმართველობის კოდექსთან, კოდექსს გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა, რადგან წარმოადგენს ორგანულ კანონს.[5]

„კულტურის შესახებ“ კანონის მიხედვით, გამიჯნულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები კულტურის სფეროში.  კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციას, მათ შორისაა კულტურის სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების განსაზღვრა. აღნიშნული ნორმა არ გამორიცხავს თვითმმართველობის უფლებამოსილებას, შეიმუშავოს მუნიციპალური კულტურის განვითარების ხედვა და სტრატეგია სწორედ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, ხოლო არსებული კულტურის სახელმწიფო პოლიტიკა მის საორიენტაციო, სამაგალითო სამუშაო ჩარჩოს წარმოადგენდეს.

რაც შეეხება კულტურის სახელმწიფო სტრატეგიას, ის საქართველოს კულტურის  სამინისტრომ 2014-2016 წლებში შეიმუშავა და 2016 წლის 1 ივლისს მთავრობამ N303 დადგენილებით დაამტკიცა; “კულტურის სტრატეგია 2025” განსაზღვრავს  სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს კულტურის სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. დოკუმენტში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელოვანი როლი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით არის აღნიშნული:

  • კულტურის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობისა და კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების უზრუნველყოფის კუთხით (მიზანი1);
  • კულტურისა და სხვა სფეროების ურთიერთმიმართების კუთხით ხაზაგასმულია კულტურის ინტეგრირების მნიშვნელობა სხვადასხვა დარგის, სამთავრობო უწყების, მუნიციპალიტეტის განვითარების პოლიტიკაში.  (მიზანი 1.);
  • კულტურის დაფინანსებისა და წახალისების ინოვაციური მიდგომების დანერგვის, საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალე და ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველყოფის მიმართულებით (მიზანი1);
  • კულტურის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში „კარგი მმართველობის“ პრინციპების დანერგვის მიმართულებით (მიზანი1)  და
  • კულტურის კვლევებისა და სტატისტიკის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით (მიზანი2).

ჩემთვის ამ ეტაპზე უცნობია, რა გაკეთდა 2016 წლიდან მოყოლებული სტრატეგიის იმპლემენტაციის მხრივ, განსაკუთრებით, თვითმმართველობებთან მიმართებით, თუმცა, სახელმწიფო ხედვამ შექმნა ის ძირითადი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კულტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავება ხდება შესაძლებელი, რაც არც მანამდე ჰქონდათ აკრძალული.

ამის მიუხედავად, კულტურა მუნიციპალურ დონეზე კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე რჩება და საკუთარი უფლებამოსილებების არცთუ გრძელი სიიდან ამ კონკრეტულს მუნიციპალიტეტები სათანადოდ ვერ იყენებენ არასაკმარისი და არაეფექტური დაფინანსების, სხვადასხვა დაწესებულებას შორის ნაკლები კოორდინაციისა და თანამედროვე მართვის მიდგომებისა და დარგობრივი კომპეტენციების ნაკლებობის გამო.

მაგალითად, კახეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგია არ მოიცავს კულტურის სფეროს და მისი განვითარების ხედვას. კულტურულისტორიული მემკვიდრეობა სტრატეგიაში დასახელებულია, როგორც ტურიზმის განვითარების ერთერთი ხელშემწყობი პირობა და ძლიერი მხარე, რაც, თავისთავად, სწორი მიდგომაა, თუმცა, ასეთი მასშტაბის დოკუმენტში კულტურის სფეროს ცალკე პრიორიტეტად არარსებობა პრობლემურად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი არ არსებობს მუნიციპალიტეტების დონეზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაც არასათანადოდაა გააზრებული კულტურის როლი, როგორც თემის იდენტობის შენარჩუნების, მისი განვითარების, მათ შორის, მოცემული მუნიციპალიტეტის სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი.[6]

  • მუნიციპალური კულტურის არსებული პრობლემების მიმოხილვა

კულტურის სფეროში უფლებამოსილებების მიმოხილვა აჩვენებს, რომ პრობლემას მუნიციპალურ დონეზე არა დეცენტრალიზაციის, არამედ ამ კომპეტენციის სათანადოდ გამოყენების პრობლემა დგას. ადგილზე კულტურის მნიშვნელობის გააზრება და შესაბამისი განვითარების პოლიტიკის შემუშავება, რაც, თავის მხრივ, დარგობრივ კვლევებსაც უნდა ითვალისწინდებდეს, არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა, მუნიციპალური კულტურის სფეროში არსებული ეს პრობლემები განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, მაგრამ ვფიქრობ, ძირითადად, მაინც ერთი ტიპის გამოწვევებთან გვაქვს საქმე: კულტურის როლის არასათანადო გააზრება, მართვის და დაფინანსების არაეფექტური სისტემა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

2016-2016 წლებში ააიპ „სათემო განვითარების ცენტრმა“ სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ორი კვლევა ჩაატარა. 2014 წელს განხორციელებული კვლევა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსები” – სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსების მრავალმხრივ შესწავლა-აღრიცხვას (cultural mapping) და სამომავლოდ ადგილობრივი კულტურის პოლიტიკის დაგეგმვისათვის (cultural planing) რეკომენდაციების შემუშავებას ითავლისწიებდა.

კვლევის მიხედვით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს მართვის საკითხები და კადრების ნაკლებობა. „სათემო განვითარების ცენტრმა“ 2016 წელს დამატებით ჩაატარა საპილოტე კვლევა კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალუტეტებში”; კვლევა ძირითადად კულტურის სფეროს მართვის კუთხით არსებული პრობლემების უფრო სიღრმისეულ შესწავლას ისახავდა მიზნად.

ორივე კვლევის მიხედვით გამოვლენილი ძირითადი პრობლემებია, მაგალითად, ადგილზე კულტურის განვითარების ხედვის, სტრატეგიების არარსებობა; კულტურის სფეროს მართვასთან, მათ შორის, კადრების კვალიფიკაციასთან, დაფინანსების ეფექტურ მოდელებთან, პროგრამულ მუშაობასთან, კულტურის სერვისების ხელმისაწვდომობასა და კულტურის ცხოვრებაში მოსახლეობის  ჩართულობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა მრავალი.[8]

ასევე, კვლევის პროცესში გამოჩნდა, რომ, მართალია, კულტურის ცალკეული პროექტები გარკვეულ გავლენებს ახდენენ მიზნობრივ ჯგუფებზე თუ, ზოგადად, გარემოზე, თუმცა, სფეროს მდგრადი განვითარება და შედეგები ფრაგმენტული პროექტებით ნაკლებად მიიღწევა. მუნიციპალიტეტში კულტურული პროცესების განვითარება კომპლექსურ მიდგომას, კულტურის უწყვეტი და რეალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისების დანერგვასა და მიწოდებას საჭიროებს. ეს კი მუნიციპალური კულტურის ორგანიზაციების პრეროგატივაა, რომელთა წინაშეც მრავალი დაბრკოლება, მათ შორის, მმართველობითი და ფინანსური პრობლემები, დგას. შედეგად, კულტურის ადილობრივი სერვისები წლიდან-წლამდე ყველანაირი მონიტორინგისა და შეფასების გარეშე ხორციელდება  და არ ხდება მათი საჭიროების, მიზნობრივ ჯგუფებსა თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენისა და ეფექტის შესწავლა.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილი, პრობლემების შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ კულტურის სფეროში ადგილობრივი, რეალისტური და გრძელვადიანი ხედვის, მიზნებისა და პრიორიტეტების შემუშავებას, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას, მართვის მოდელების გაუმჯობესებასა და კულტურის სფეროში დასაქმებული პირების გადამზადებას შეეხო; ასევე, კულტურის სერვისების გამრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობას; კულტურის პროგრამების დაგეგმვის პროცესებში მოქალაქეების ჩართულობასა და მათი საჭიროებების მაქსიმალურ ასახვას; რეკომედებულია, ასევე, მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივ, გენდერულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ჭრილში იდენტიფიცირება და მათი საჭიროებების კვლევა; მუნიციპალიტეტის კულტურის სფეროში არსებული მატერიალური და არამატერილური რესურსის შესწავლა და აღრიცხვა და ადგილის მნიშვნელობის გააზრება.

რამდენადაც ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მისი საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას სწორედ მრავალფეროვანი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი კულტურის პროგრამები  წარმოადგენს, საჭიროა, რომ მუნიციპალური კულტურის სფეროს განვითარების მნიშვნელობა გაგებული იქნეს, არა მხოლოდ, როგორც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა თავისუფალი დროის გონივრულად მართვის, ან ადგილობრივი თემის იდენტობის შენარჩუნების ამოცანა, არამედ, როგორც კონკრეტული ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების (მათ შორის, მაგალითად, ტურიზმის განვითარების) ხელშემწყობი ფაქტორი და სხვ.[9]

ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ადგილობრივი კულტურის განვითარების, მართვის, სერვისების მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის, კულტურის რესურსების შესწავლაგააზრების კუთხით ტარდებოდეს რაც შეიძლება მეტი კვლევა და საცდელი პროგრამ. ამან ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი კულტურის განვითარებისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას; დღის წესრიგში დააყენოს და ხელი შეუწყოს კულტურის, როგორც მუნიციპალური განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტის გააზრებაზე მსჯელობის დაწყებას, პირველ რიგში, თავად მუნიციპალიტეტებში.

[1] სტატიის პირველი ვერსია „კულტურის პროგრამები და მუნიციპალური განვითარება“ დაიბეჭდა ჟურნალში სახელოვნებო მეცნიერებათა ძიებანი,   2015 წლის # 4. (65).

[2] სამუშაო დოკუმენტაცია კამპანიისათვის „კულტურა, როგორც მიზანი“ http://www.agenda21culture.net/documents/agenda-21-for-culture / ნახვის თარიღი:

[3] Vital Vilage. Wolfgang Schneider, Beate Kegler, Daniela Koss (eds.) 2017. S. 189.

[4] ქალაქ შტუტგარტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) კულტურის განვითარების დაგეგმვის სამუშაო დოკუმენტაცია.  http://www.stuttgart.de/img/mdb/item/503207/86068.pdf. ნახვის თარიღი: 04.12.2018

[5] სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსები, 2014 წ. სათემო განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სათემო კავშირი ნუკრიანი.

[6] კულტურის სფეროს მართვა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში/  ანგარიში და რეკომენდაციები.  სათემო განვითარების ცენტრი, 2016 წ. გვ. 43.

[7] კვლევა  „სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის რესურსები“ განხორციელდა 2014 წელს, პროექტის „სიღნაღი კულტურისათვის“ ფარგლებში სათემო განვითარების ცენტრის და პარტნიორი ორგზანიზაციების მიერ. პროექტი დაფინანსდა ღია საზოგადოების ფონდის მიერ,

[8] დაწვრილებით იხილეთ ზემოთაღნიშნული კვლევები.

[9] რეკომენდაციების დეტალურად გასაცნობად იხ. კვლევა

მომზადებულია პროექტის – “საზოგადოებრივი კამპანია “თვითმმართველობის დროა” – ფარგლებში”