გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

1581

ისტორიულ გორის ციხესა და სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მდგომარეობა ადგილზე შეაფასეს, მიმდინარე პროცესებს გაეცნენ და კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. აქედან გამოვყოფ გორის ციხეს, სადაც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები, ასევე, გორის ციხეზე წლის ბოლომდე შეიქმნება სამუზეუმო სივრცე და საზოგადოების ჩართულობით ვიმუშავებთ კონცეფციაზე, თუ რა ტიპის მუზეუმი შეიძლება მოეწყოს ამ ტერიტორიაზე, რომელიც ტურისტებისთვის დამატებით შექმნის საინტერესო სივრცეს. ასევე, დავათვალიერეთ სურამის ციხე და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში დავიწყოთ სურამის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები – როგორც არქეოლოგიური, ისე საკონსერვაციო“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სურამის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად იგეგმება.

“ვიმყოფებოდით სურამის ციხეზე, გორის ციხეზე, დაიგეგმა კონკრეტული საქმიანობები. იცით, რომ გორის ციხეზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. მხარის გუბერნატორს გავაცანით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა არის დაგეგმილი. მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ასევე ვგეგმავთ, რომ დაიწყოს სურამის ციხის რეაბილიტაცია. ადგილზე შევაფასეთ მდგომარეობა“, – განაცხადა ანთიძემ.