სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტში 686 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ თანხას ადგილობივი ბიუჯეტიდან სოფლებში არსებული პრობლემების სრულად მოსაგვარებლად გარკვეული რაოდენობის თანხა დაემატება.
ახმეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი დავით აბულაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფლის კრება 42 სოფელშია გამართული. მისივე თქმით, შეხვედრა 60 სოფელში ეტაპობრივად ტარდება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები 15 იანვარს დაიწყო, ამ ეტაპზე შეხვედრა 42 სოფელშია გამართული. შეხვედრების დროს დასახელებულ პრობლემებს შორის სასმელი წყალი, გარეგანათება, გზები, სკვერების კეთილმოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა. სახელმწიფომ თითოეულ სოფელზე დაფინანსება გააორმაგა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ჯამში 686 000 ლარი დაიხარჯება. მერია თანადაფინანსებაში შედის იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროგრამით სოფელში დასახელებული პრობლემა ვერ მოგვარდება და მისი მოგვარება აუცილებელია.
ახმეტის მუნიციპალიტეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში 60 სოფელი მოხვდა. რაც შეეხება თუშეთის თემში არსებულ 52 სოფელს, ამ პროგრამაში მხოლოდ 6 ჩაერთო, რადგან დანარჩენებში სოფლებში მოსახლეობის რიცხოვნობა მცირეა და ზოგან ორი სამი ოჯახი ცხოვრობს’’,- განაცხადა აბულაძემ.