სენაკის მერიამ სამ თვეში 109 984 ლარის პრემია-დანამატი გასცა

697

სენაკის მერიამ 2018 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე წლის 29 იანვრის ჩათვლით ჯამში 109 984 ლარის ფულადი ჯილდო და პრემია გასცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კერძოდ, გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, სენაკის მერიის 92 თანამშრომელზე, პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით, დეკემბერში 65 195 ლარის ფუალდი ჯილდო, ხოლო თანამდებობის 2 პირსა და 7 შტატგარეშე მოსამსახურეზე კი დანამატის სახით 7 070 ლარი გაიცა.

ამასთან, დამატებით თანხები გაიცა სენაკის მერიის ხუთ ა(ა)იპ-ში.

“სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ 19-მა თანამშრომელმა დეკემბერში სადღესასწაულო პრემია ჯამში 4 000 ლარის ოდენობით მიიღო. ასევე, იმავე თვეს “სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრში“ 99 თანამშრომელზე სახელფასო დანამატი, ჯამში 22 500 ლარი გაიცა. რაც შეეხება “სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას“, დეკემბერში, ორ თანამშრომელს – მწვრთნელ-მასწავლებელს სულ 800 ლარი დაერიცხა. მიმდინარე წლის იანვრის თვეში კი ერთ პირზე ასევე ფულადი ჯილდო – 250 ლარი გაიცა. “სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების“ 12 თანამშრომელზე დეკემბერში სადღესასწაულო პრემია 1 603 ლარის ოდენობით გაიცა. ამასთან, სადღესასწაულო პრემია მიიღო „სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ 304-მა თანამშრომელმაც, ჯამში 8 566,21 ლარი.