გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კანონპროექტის მიხედვით, ონის მუნიციპალიტეტში პარკი 64 164 ჰექტარ ფართობზე გაკეთდება, ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში კი 11 680 ჰექტარზე ერუშეთის ეროვნული პარკი მოეწყობა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ერუშეთის დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და თურქეთთან ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას. რაჭის ეროვნული პარკის დაარსება კი ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.