ხობის მერიაში ფულადი ჯილდოს და დანამატის სახით, სამ თვეში, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან პირველ თებერვლამდე ჯამში 111 564 ლარი გაიცა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
გამოცემა “ლაივპრესის“ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში სახელფასო დანამატი მერიის 39-მა თანამშრომელმა, სამსახურში არმყოფი სხვა საჯარო მოხელეების მოვალეობის შესრულებისთვის, დამატებითი ფუნქციის დაკისრების გამო ჯამში 10 859 ლარი მიიღო.
ასევე, ფულადი ჯილდო დაერიცხა 123 თანამშრომელს, სულ 87 160 ლარის ოდენობით, მოხელის შეფასების შედეგების ან/და დაკისრებული ფუნქციების სანიმუშოდ შესრულების, “ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“.
ფულადი ჯილდო გაიცა ხობის მერიის სამ ა(ა)იპ-ში. 33-მა თანამშრომელმა დეკემბრის თვეში, წახალისების სახით, ჯამში 6 545 ლარი მიიღო. კერძოდ, ა(ა)იპ “სკოლამდელ დაწესებულებაში“ ერთ ადამიანზე 250 ლარი გაიცა. ა(ა)იპ “საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორმა თანამშრომელმა მთლიანობაში 295 ლარი მიიღო. “კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრში“ ოცდაათ ადამიანზე 6 000 ლარი გაიცა.
ასევე, წარმატებულ სპორტსმენებსა და მწვრთნელებზე, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 31 კაცზე – 7 ათასი ლარი.
“რაც შეეხება ინფორმაციას თანამშრომლის სახელის, გვარის და გაცემული თანხის ოდენობის შესახებ, კანონმდებლობით, პერსონალურ მონაცემთა გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ პირების თანხმობით“, – ნათქვამია ხობის მერიის წერილში.